logo
ENG



საკადრო ცვლილებები გომელაურის უწყებაში - ფორმულას ექსკლუზივი 

06 ივნ 202020:04
3 წუთის საკითხავი
 

2012 წელს საქართველოში ხელისუფლება ხალხმა შეცვალა და 9-წლიანი მმართველობის დროს დაშვებული შეცდომების გამო მთავრობას ლეგიტიმაცია ჩამოართვა. გავიდა კიდევ 9 წელი და ამდენივე წელია, ნებისმიერ არასასურველ საკითხზე მსჯელობისას "ქართულ ოცნებას" დაქვემდებარებული ყველა მოხელე,  გავლენიანი თუ ყმა - ანდაზასავით წამოგაძახებს: ის ცხრა წელი, ის რეჟიმი... გადაიღეს ფილმები, სერიალები და დღემდე რამდენიმე სახელისუფლებო მედიაპლატფორმაზე ისევ ვუყურებთ მხატვრულ შემოქმედებებს წასულ 9 წელზე.

ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე ვნახეთ ყველაზე შავი და ბინძური წინა საარჩევნო კამპანია იმავე ნარატივით. ქუჩაში გამოფინეს პატიმრობაში მყოფი მაღალჩინოსნების პლაკატები, განწყობით - ბუა მოვა და შეგვჭამს. მოკლედ, დღემდე ხელისუფლების მთავარი ძალა, რომ ლეგიტიმაცია არ დაკარგოს, ისევ წარსულზე ლაპარაკია. მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, „ქართული ოცნების“  ხელისუფლების ყველა შტოში აღმოვაჩენთ იმ ყბადაღებული 9-წლიანი მმართველობის შემოქმედებას. მათ შეხვდებით საკანონმდებლო ორგანოში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, სუს-ში, პროკურატურაში - ყველგან. მათ შორის მეტად ხმაურიან და ოდიოზურ პირებს.

დღეს ჩვენ მოგიყვებით შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი საკადრო ცვლილებების შესახებ. ფაქტია, უკვე რამდენიმე თვეა, ჭირმა თავი ვეღარ დამალა და ვხვდებით, რომ ძალოვან უწყებაში ყველაფერი რიგზე ვერ არის. გომელაურს ჰქონდა რამდენიმე მცდელობა თანამდებობიდან ჩამოეშორებინა პირველი მოადგილე - კახა საბანაძე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კადრია.

"შაბათის ფორმულას" ინფორმაციით, გომელაურმა რამდენიმე კვირის წინ საბანაძეს ჩამოართვა ყველა უფლება და მის ლეგიტიმაციაში მხოლოდ საგარეო ურთიერთობები დატოვა. დღეს უწყებაში ცვლილების ახალი მცდელობა მიმდინარეობს. გომელაურს გადაწყვეტილი აქვს საბანაძე საგანგებოდ შექმნილ კრიზისების მართვის ცენტრში გადაიყვანოს, მის ადგილზე ანუ პირველი მოადგილის პოსტზე იოსებ ჭელიძე დანიშნოს და ჭელიძის პოსტი - ანუ მინისტრის მოადგილის - ჩააბაროს ძველ ნაცნობს, ზვიად ხარაზიშვილს. ხარაზიშვილი დღეს შავნაბადას სპეცრაზმის ხელმძღვანელია. მისი სახელი უკავშირდება რამდენიმე ხმაურიან საქმეს - მუხროვანის ამბოხი, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის 22-საათიანი სპეცოპერაცია, აფგან მუხთარლის გატაცება და 20 ივნისის დარბევა. ხარაზიშვილიც სწორედ იმ ცხრა წლიდანაა, დღემდე რომ შავ ჭირად მოიხსენიებს ჩვენი ქვეყნის ხელისუფალი. 


close დახურვა